მედვედევი დისკვალიფიცირებულია: ჯოკოვიჩი პეკინის ფინალში, რეკორდი 33:0
ნახევარფინალში, როცა ჯოკოვიჩი მატჩზე აწოდებდა, მედვედევმა ბურთი ტრიბუნისკენ გაისროლა და მაყურებელს მოარტყა. ფინალში სერბს ალექს დე მინორი ელის.

5 ოქტომბერს China Open-ის ნახევარფინალში ანგარიში 7:5, 5:3 იყო ნოვაკ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ, როცა დანიილ მედვედევმა, აშკარად გაღიზიანებულმა, ბექჰენდით ბურთი ტრიბუნისკენ გაისროლა. ბურთი პირველ რიგში მჯდომ მაყურებელს მოხვდა. ის არენიდან მარცხენა თვალზე ხელაფარებული გაიყვანეს.
კორტზე მთავარი მსაჯი და ტურნირის სუპერვაიზერი ჩამოვიდნენ. მედვედევი დისკვალიფიკაციას დიდად არ შეწინააღმდეგებია: ბადესთან მივიდა და ჯოკოვიჩს ხელი ჩამოართვა. მატჩი 2 საათსა და 29 წუთს გაგრძელდა.
„ცოტა შოკში ვარ. სიმართლე გითხრათ, ვერ დავინახე, რა მოხდა. იმედი მაქვს, ის ადამიანი სერიოზულად არ დაშავებულა“, — თქვა ჯოკოვიჩმა. „დანიილისაც მენანება, რადგან ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ადამიანი, როცა დიდ მატჩში დისკვალიფიკაციას იღებს“. თავად ჯოკოვიჩი 2020 წელს US Open-ზე მსგავს ვითარებაში იყო დისკვალიფიცირებული.
39 წლის სერბის რეკორდი პეკინში ახლა 33:0-ია. მეოთხედფინალში მან ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა — 4:6, 6:4, 6:4. ფინალში ჯოკოვიჩი მსოფლიოს მეცხრე ნომერ ალექს დე მინორს შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალი ჰუბერტ ჰურკაჩის მიერ მატჩის შეწყვეტის შემდეგ მოიგო (6:4, 3:2).


